სწავლა უზნაძის მიხედვით

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების (“ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (“ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, “ახსნა.” “ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის “ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.